ბათუმში სკოლის მოსწავლეზე თანატოლებმა იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს

საქართველო, თბილისი - 12:48 | 25.10.2021
ნანახია: 505

ბათუმში სკოლის მოსწავლეზე თანატოლებმა იძალადეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

"მითხარი, რა ხარ... მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ", - ისმის ვიდეოში, სადაც ასევე ჩანს, რომ თანატოლები აგინებენ გოგონას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოზარდები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.

ერთ-ერთი სკოლის დირექტორი მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ ფაქტის შესახებ, მათთვის გუშინ საღამოს გახდა ცნობილი.

"მოვახდინეთ მშობლების ინფორმირება, დავიბარეთ ისინი და გავაცანით ვიდეო. როგორც მათთან საუბრისას გავარკვიეთ, ისინი უკვე იყვნენ ინფორმირებულნი მომხდარის შესახებ, პოლიციისთვისაც მიუმართავთ. ჩვენ ვიდეოს გავრცელებამდე არაფერი ვიცოდით. ისინი არ არიან ერთი სკოლის მოსწავლეები, შემთხვევა არც სკოლის ტერიტორიაზე და არც სწავლის პერიოდში მომხდარა.

ისინი საბაზისო საფეხურის მოსწვალეები არიან. როგორც ირკვევა მანამდეც ჰქონიათ უთანხმოება და მიწერ-მოწერა სოციალურ ქსელში"- აცხადებს სკოლის დირექტორი.

სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე