ერდოღანი დასავლეთის ქვეყნების ელჩებს აღარ გააძევებს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 26.10.2021
ნანახია: 607

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა გააუქმა თავისი გადაწყვეტილება ქვეყნიდან  ათი სახელმწიფოს ელჩების გაძევების შესახებ, რომლებმაც ანკარას უფლებადამცველ ოსმან კავალას გათავისუფლებისკენ  მოუწოდეს. იუწყება Al Jazeera.

ტელეარხის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ კონფლიქტი ამოიწურა მას შემდეგ, რაც დიპლომატებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც პირობა დადეს, რომ დაიცავენ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს. აღნიშნული მუხლი დიპლომატებისგან მოითხოვს არ ჩაერიონ იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში, სადაც ელჩებად მუშაობენ.

ერდოღანის თქმით, ელჩების ახალი განცხადება ცხადყოფს, რომ მათ თურქეთის  მიმართ ცილისწამებაზე უარი თქვეს.

 „ამიერიდან, ისინი უფრო ფრთხილები იქნებიან“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

18 ოქტომბერს, გერმანიის, დანიის, კანადის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, აშშ-ის, ფინეთის, საფრანგეთისა და შვედეთის ელჩებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეიცავდა მოწოდებას თურქეთის ხელისუფლებისადმი „დაუყოვნებლივ და სამართლიანად გადაწყვიტიოს კავალას საკითხი“. ელჩები აღნიშნავდნენ, რომ აქტივისტის ხანგრძლივი დაკავება თურქეთს ჩრდილს აყენებს.

ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩები დაიბარა და დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენიის დაცვის აუცილებლობა შეახსენა. შემდეგ კი ამას მოჰყვა ერდოღანის გადაწყვეტილება ელჩების ნონ გრატად გამოცხადებისა და ქვეყნიდან მათი გაძევების შესახებ.

ოსმან კავალა ცნობილი თურქი უფლებადამცველია, რომელიც პარიზში ცხოვრობს. მას ბრალად ედებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან კავშირი 2013 წელს  სტამბოლის გეზის პარკში საპროტეტსო აქციების საქმეზე. 2020 წლის თებერვალში თურქეთის სასამართლომ კავალა გაამართლა, მაგრამ სტამბოლის პროკურატურამ იმავე დღეს მის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა. კავალას ამჯერად 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში დასდეს ბრალი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე