ჩვენი ოპონენტების სასოწარკვეთილი რიტორიკა ზედმიწევნით ცხადყოფს გუშინდელი აქციის წარმატებას - ირაკლი კობერიძე

საქართველო, თბილისი - 12:24 | 28.10.2021
ნანახია: 357

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც  ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ ოპონენტებზე.

"არ შეგვიძლია, ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს.

ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე. მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვებას 30 ოქტომბერს მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი მიზანია, არჩევნები მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე