png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო საქართველოში გადმოასვენეს

  • საზოგადოება
  • 25.09.2015
  • 17:58
ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო საქართველოში გადმოასვენეს

ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს. დაღუპულ სამხედროს საქართველოში თანამებრძოლი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ყორღანაშვილი ჩამოჰყვა.

გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართა.

სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა. „დღეს მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. პირველ რიგში მინდა, მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მინდა, მივუსამძიმრო იმ ბიჭებსაც, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს, ვინც ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის. შეიარაღებულ ძალებს მინდა ვუთხრა, რომ მადლობლები ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის წევს და იმ სისხლისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ღვრის. 

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით მომავალში. საქართველო კვლავ გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება სწორედ ასეთი ბიჭების წყალობით და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სამგლოვიარო ცერემონიალს დაღუპულის ოჯახის წევრები, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დანაყოფი კომბინირებულ პატრულს ახორციელებდა, რაც ჯავშანტექნიკასთან ერთად გადაადგილებას, გარკვეულ პოზიციებზე ჯავშანტექნიკისგან საცეცხლე ბაზის შექმნას, შემდეგ ფეხით გაწმენდასა და დაზვერვას გულისხმობს. საღამო ხანი იყო, როდესაც ქვეითი პატრულის განხორციელების შემდეგ, თავიანთი ჯავშანტექნიკისკენ ბრუნდებოდნენ, პირდაპირ ცეცხლის ზონაში მოხვდნენ, ერთ-ერთი მებრძოლი სერჟანტი დაიჭრა. თვითონ დაღუპული, პირველი კლასის რიგითი დაზღვევას ახორციელებდა, ჩამკეტად მოძრაობდა ფორმირებაში. დაჭრილის ევაკუაციის დროს, უკვე მეორე მხრიდანაც გაიხსნა ცეცხლი და სამწუხაროდ, საბედისწერო ტყვიამ ჩვენი მებრძოლი იმსხვერპლა. დაჭრილი წარმატებით გამოიყვანეს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

დაღუპული სამხედროს პატივის მისაგებად აეროპორტში ასევე მივიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ნატოს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.

„ძალიან სამწუხარო დღეა პირადად ჩემთვის და ამერიკელი ხალხისთვის. მწუხარება მინდა გამოვხატო როგორც ოჯახის, ასევე მთელი საქართველოსადმი. შემძრა სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოავლინა. ვუსამძიმრებ თქვენს ქვეყანას და განსაკუთრებით რიგითის ოჯახს“, - აღნიშნა იან კელიმ. 

ვასილ ყულჯანიშვილი 1994 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ამჯერად კი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იმყოფებოდა. პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მთავრობა კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge