png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

  • სამართალი
  • 24.08.2026
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.

2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი – ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.

მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.

მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ – გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა – ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად.

პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი – 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე“,- განაცხად აამირან გულუაშვილმა.

ტეგები:
  • პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge