სალომე ზურაბიშვილი ტიპური აგენტია, გარედან იმართება, ჩვენ ვიმართებით ხალხის მიერ - კახა კალაძე
- კომენტარები
- 25.09.2026
- 13:09
სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს - რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პარანოია სუფევს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარედან იმართება.
„სალომე ზურაბიშვილი არის ტიპური აგენტი. გარედან იმართება, იღებს კონკრეტულ დავალებებს, რა განცხადებები გააკეთოს. ის, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ის იმართებოდა გარედან, როდესაც კონკრეტულ თანამდებობაზე იმყოფებოდა და დღესაც აგრძელებს ამ როლში ცხოვრებას.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ. შეიძლება საუკეთესოები არ ვიყოთ, შეცდომები ჩვენც გვაქვს, შეუცდომელი არავინ არის, მაგრამ არ მივდივართ ქვეყნის წინააღმდეგ, არ ვაუბედურებთ ქართველ ხალხს, გამოვდივართ სამშობლოს ინტერესებიდან“,- აღნიშნა კალაძემ.