თიბისი არტ გალერეა ელიარ ალიმირზოევის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
- საზოგადოება
- 12.11.2015
- 11:51
თიბისი არტ გალერეაში ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის, ელიარ ალიმირზოევის გამოფენა - „ვიზა ჩიტებისათვის“ გაიხსნა.
„ვიზა ჩიტებისათვის“ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 20 გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევარი.
პროექტის იდეა ასეთია: თუკი ფრენა შეგიძლიათ, ჩიტივით თავისუფალი ხართ და ნებართვაც არ გჭირდებათ „დადგენილი“ საზღვრების გადასალახავად.
ელიარ ალიმირზოევი თანამედროვე აზერბაიჯანული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგელია. მისი ნამუშევრები დაცულია აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კერძო გალერეებსა და კოლექციებში - აზერბაიჯანში, რუსეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, თურქეთში, დანიაში.
გამოფენის, „ვიზა ჩიტებისათვის“ პარტნიორია აზერბაიჯანული გალერეა, Q Gallery (ქგალერეა,ბაქო). გამოფენა თიბისი ბანკის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და კომპანია „დირსის“ მხარდაჭერით იმართება. ექსპოზიციას თიბისი არტ გალერეა 27 ნოემბრამდე უმასპინძლებს.