სტოლტენბერგი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს
- პოლიტიკა
- 10.07.2018
- 16:40
ნატო-ს ლიდერები საქართველოსა და უკრაინას 12 ივლისს ხუთშაბათს შეხვდებიან. – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატო-ს უწევს საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს.
„რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს იმართება.