შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ძმის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- სამართალი
- 31.07.2018
- 14:18
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.თ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-ს თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ძმასთან - 1968 წელს დაბადებულ ა.თ.-სთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. მოგვიანებით, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მ.თ.-მ ცივი იარაღით ა.თ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ა.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.