დონალდ ტრამპმა 7 წლის ბიჭს უთხრა, რომ სანტა კლაუსის არ უნდა სჯეროდეს
- მსოფლიო
- 25.12.2018
- 14:06
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 წლის ბიჭს, რომელმაც ცხელ ხაზზე დარეკა, რათა გაეგო, როდის მივიდოდა მასთან სანტა კლაუსი, უთხრა, რომ ის უკვე დიდია და ზღაპრული პერსონაჟის აღარ უნდა სჯეროდეს. ამის შესახებ გამოცემა Hill -ი წერს.
სატელეფონო საუბარი ბავშვების ტრადიციული გართობის ფარგლებში შედგა, რომელსაც სამხედროები აწყობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა ცხელი ხაზის ოპერატორების როლი შეასრულეს და ბავშვებს უპასუხეს შეკითხვეზე სანტა კლაუსის შესახებ.
„შენ ისევ გჯერა სანტასი? ეს 7 წლის ასაკში არანორმალურია, ასე არ არის?“ - უთხრა ტრამპმა ბიჭუნას.
პროექტი „NORAD-ი სანტას კვალდაკვალ“ 1955 წლიდან ხორციელდება, როდესაც კოლორადოს შტატის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა ბვაშვებს მოუწოდა სანტა კლაუსისთვის დაერეკათ. თუმცა შეცდომა მოხდა და სანტას ნაცვლად ბავშვების შეკითხვეზე პასუხების გაცემა ანტისაჰაერო თავდაცვის საკონტინენტო მეთაურობის (NORAD-ის წინამორბედი) ცხელი ხაზის ოპერატორებს მოუწიათ.
ყოველ წელს შობის წინ კოლორადოში შეიარაღებული ძალების ბაზა სანტა კლაუსის მოგზაურობის სათვალთვალო ცენტრი ხდება. იმისთვის, რომ ოპერატიულად დააკვირდნენ სანტას მარშრუტს, NORAD-ი იყენებს კონტროლის ოთხ სისტემას - თანამგზავრებს, რადარებს, მოიერიშე თვითმფრინავებს (აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში) და სპეციალურ „სანტა-კამერებს“, რომლის ვიდეობიც YouTube-ზეა ხელმისაწვდომი. რადარებისთვის ორიენტირი ირემ რუდოლფის მანათობელი, წითელი ცხვირია.