ნევადაში გამარჯვებით სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ
- მსოფლიო
- 13.11.2022
- 11:38
დემოკრატებმა შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობა გაიმყარეს.
12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ნევადაში არჩევნები დემოკრატების კანდიდატმა კორტეს მასტომ მიიღო და არა რესპუბლიკელმა ადამ ლაქსალტმა, – რომელიც პირველადი შედეგებით ლიდერობდა. ყოფილ გენერალურ პროკურორს ადამ ლაქსალტს მხარს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უჭერდა. ლაქსალტის მარცხი, ასევე, დანაკარგია ტრამპისთვისაც, რომლის კანდიდატებმაც შუალედურ არჩევნებზე მოსალოდნელზე ცუდი შედეგები აჩვენეს.
დღევანდელი მონაცემებით, სენატში 50 ადგილი დემოკრატებს და 49 რესპუბლიკელებს ექნებათ.
ჯორჯიაში 6 დეკემბერს ჩანიშნულ მეორე ტურში, თუ სენატორი რაფაელ ვარნოკი რესპუბლიკელ ჰერშელ ვოლკერს დაამარცხებს, სენატში დემოკრატების რაოდენობა 51-მდე გაიზრდება, 49-ის პირისპირ.
წარმომადგენელთა პალატაში ჯერ-ჯერობით რესპუბლიკელები ლიდერობენ 211 ადგილით დემოკრატების 204 ადგილის წინააღმდეგ. ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად, მხარეებს 218 ადგილი სჭირდებათ.
საბოლოო შედეგების გამოცხადებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.