3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა
- საზოგადოება
- 21.12.2022
- 13:08
საქართველოში უქმე დღეები 9 იანვრამდე გაგრძელდება. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულები 3 იანვრიდან 6 იანვრამდე დაისვენებენ.
"დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კანონმდებლობით, უქმე დღეებად არის გამოცხადებული 1, 2 და 7 იანვარი. ახალი დადგენილებით კი ამ ახალი წლისთვის დასვენების დღეები იქნება 3, 4, 5 და 6 იანვარი. 8 იანვარი კვირაა, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის დასვენების დღეა.