ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
- საზოგადოება
- 20.11.2026
- 11:55
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის ორი პაციენტი იმყოფება, 11 წლის ბიჭი და სამი წლისა და ცხრა თვის გოგონა.
მისივე ინფორმაციით, ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტებს უტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.
„ერთადერთი, რაც დღეს ამ პაციენტების მართვის პროცესს დაემატება, ფსიქოლოგიური დახმარებაა. რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. როდესაც გვექნება ყველა ის პარამეტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდად და უსაფრთხოდ გავწეროთ პაციენტები სახლში, ისინი ბუნებრივია, კლინიკას დატოვებენ. სამი წლისა და ცხრა თვის გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს. რაც შეეხება მის ფიზიკურ მდგომარეობას, ერთადერთი დაზიანება მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა იყო. სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია“, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.