მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
- კომენტარები
- 22.11.2026
- 10:52
ლევან ჯობავა UFC-ის ქართველ მებრძოლს ღია წერილით მიმართავს. წერილი ეხება რეზო კიკნაძის შესახებ დასმულ კითხვაზე მერაბ დვალიშვილის პასუხს — „პირველ რიგში, მე ვარ სპორტსმენი" — და იმას, რას ელოდნენ მისგან საქართველოს მოქალაქეები.
წერილი სრულად:
„მერაბ, მოვა ეს წერილი შენამდე და ნიშნის მოგებას აქ ვერ იპოვი…
გადატვირთული გრაფიკის ფონზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის მიდევნება გიჭირს, ალბათ…
შენზე კარგად ცოტამ თუ იცის, რა არის ემიგრაცია, უსამართლობა და გაჭირვება…
სწორედ ამიტომ ხედავდნენ საქართველოს სისტემისგან ჩაგრული მოქალაქეები შენში იმედს…
ამ იმედის ნაპერწკლებიც იყო - ხალხის ლეწვას სოც. ქსელებში როცა გამოეხმაურე…
ხალხმა, რომელსაც უმძიმესი დღეები გამოატარა რეჟიმმა, იფიქრა, რომ ბოლომდე დარჩებოდი მათ მიმართ სოლიდარული, გამონახავდი დროს და მიადევნებდი თვალს სასამართლოებს, სადაც შენს უდანაშაულო თანატოლებს და შენზე უმცროსებს ასამართლებდა სისტემა…
ხმები გავარდა, მთავრობის ნაჩუქარ ფულს ხელს არ კიდებს და სპორტში აბრუნებსო, და კიდევ უფრო იმედით და სიმპათიით აივსო ხალხი… არიქა, ხალხის მჩაგვრელებს არ იკარებს სათოფეზეო.
ამ მოლოდინებით დაგხვდა ხალხი…
რეზო კიკნაძის, ხელსახოცის სროლის გამო დაკავებული და პატიმრობაში მყოფი ქომაგის, შესახებ კითხვა რო დაგისვა ჟურნალისტმა, იმ დროისთვის ufc-ის ჩემპიონს,
პასუხი ამ სიტყვებით დაიწყე
“პირველ რიგში, მე ვარ სპორტსმენი”
ხოდა არა მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ,
იმ ქვეყნის, რომელმაც სანამ ამერიკული ოცნების ახდენა არ დაიწყე, არც ხელი გაგიმართა, არც გვერდში ამოგიდგა, ისიც არ გასწავლა, რომ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ და მერე ჯარისკაცი, მასწავლებელი, ექიმი, სპორტსმენი, პარლამენტარი, ბიზნესმენი…
როცა გკითხეს, მიხვიდოდი თუ არა რეზო კიკნაძის პროცესზე შენ თქვი, რომ დაკავებული ხარ…
დაკავებული არის რეზო, შენ არ გეცალა, ნინა დრამასთან ერთად ქართული ტურნე გქონდა გეგმაში, რომლითაც მთელი მსოფლიოს MMA საზოგადოებას გააცანი ქართული ცეკვა, სიმღერა, ბუნება და სამზარეულო …
შენ გქონდა შანსი, ყოფილიყავი სახალხო სპორტსმენი, სახალხო სპორტსმენია, მაგალითად, მსოფლიო ლეგენდა, ჯოკოვიჩი, რომელმაც, მთავრობას და პროტესტის მქონე სტუდენტებს შორის, ღიად დაუჭირა მხარი სტუდენტებს და ბოლომდე დარჩა თავის პოზიციაზე.
შენ ეგ შანსი გაუშვი, საკონტროლო გასროლა კი საერთაშორისო არენიდან გაისროლე, როცა იმ ხალხის განთავისუფლება ითხოვე ვინც
6-2-ზე ფიზიკურად გაგისწორდა.
შენი საქმისა შენ იცი, როგორც სპორტსმენმა. როგორც მოქალაქეს კი შეგახსენებ,
იმ ბიჭების ნაწილი, ვისი არც განთავისუფლება მოგითხოვია და არც მხარდაჭერა გამოგიხატავს, დეკემბერში გამოვა.
მზია ამაღლობელი იანვარში განთავისუფლდება.
შესაძლოა ესეც არ იცი მზია ჟურნალისტია, რომელსაც პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა, მზიამ სილა გააწნა და 2 წელია პატიმრობაშია…
საბას, მათეს და ოკმელას კიდე ორი წელი და მეტი დარჩათ…
მთავრობები მიდიან, სპორტსმენებიც ასრულებენ კარიერას, რჩება ისტორია…
ისტორია, რომელიც ამ რეჟიმის მმართველობას სამშობლოს გამყიდველის სახელით შეიტანს სახელმძღვანელოში და მოქალაქეების მცველებში შენი სახელი, ამ დროის მომაცემებით, არ იქნება.
მოუცლელობისთვის ან გულგრილობისთვის საქართველოს მოქალაქეებსაც თუ მოუბოდიშებ, იქნებ, არც იყოს გვიანი“…