შსს-მ „საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ოპერატიულად აღკვეთეს
- სამართალი
- 15.04.2016
- 14:41
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზევე აღკვეთეს. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკი"-ს ექსპრეს-ფილიალში, რომელსაც დაცვის პოლიცია საგანგაშო ღილაკით იცავს, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის დაყაჩაღება სცადა.
შსს-ს დაცვის პოლიციაში განგაშის სიგნალის შესვლისთანავე, ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული ირაკლი კ. ადგილზევე დააკავეს, ნივთმტკიცებად – ცეცხლსასროლი იარაღი და ხელჩანთა, ნაძარცვი თანხით ამოიღეს.
აღნიშნული ფაქტი, შემდგომი რეაგირებისთვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაეცათ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.