დოკუმენტის შინაარსი მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის - ვაშაძე
- პოლიტიკა
- 18.04.2021
- 20:50
სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის აზრით, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტი მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.
როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, ის ამ საკითხს პარტიის წევრებთან განიხილავს.
"ჩემი აზრით, ეს არის დაკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით", - თქვა ვაშაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს.
ახალი დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება - მასში საუბარი ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარებაზეც არის.
კრისტიან დანიელსონის დოკუმენტისგან მას 3 პუნქტი განასხვავებს.
ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ:
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ურუნველსაყოფად და შეთანხმების მიღწევისთვის, ხელმომწერებმა შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
ქართული ოცნებისთვის გაკეთებული შეთავაზების მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.