სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია - ირაკლი კირცხალია
- პოლიტიკა
- 22.11.2026
- 14:57
მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოსთან
"მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში. გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით", - თქვა მან.
მისი თქმით, აკრძალვა არ შეეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას.
„აქ არის ორი მიმართულება, ერთი ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება. ეს რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო. დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მზად არიან, დაინტერესების შემთხვევაში მოისმინონ არგუმენტები და გასცენ კითხვებს შესაბამისი პასუხები.
„სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია, მზად ვართ, მოვისმინოთ ეს მწვავე და მძაფრი რეაქცია, შევიდეთ დისკუსიაში და გავცეთ პასუხი. საინტერესო იქნება, რა არგუმენტები ექნებათ მწვავე რეაქციის ავტორებს. ზოგადად, ეს სფერო იმდენად კომერციული გახდა და ის რისკები, რაც ჩამოვთვალე ამ ძალიან მოკლე ტექსტში, კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ბევრ დეტალს დროთა განმავლობაში გაიგებთ. პრაქტიკაზე როცა ვსაუბრობთ, თითქმის არ არსებობს ქვეყანა, ყველა ქვეყანაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც რომ ავიღოთ, აკრძალულია სუროგაცია, ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული“, – განაცხადა კირცხალიამ.