ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა - შიო მესამე
- საზოგადოება
- 14.10.2026
- 15:55
გულითადად გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, წმინდა საუფლო კვართის ხსენებას, წმიდათა მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანის და დედოფალ ნანას ხსენებას. დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი. წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, რა იყო და რა არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღრობდა ამ გზაზე. ღვთის განგებულებით, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიის და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულებისა – ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა. ამ სამოციქულო გზის და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთა სწორმა ქალწულმა, ნინომ, როცა მეოთხე საუკუნეში, ღვთის განგებულებით და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით, ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას, თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დააგვირგვინა, რასაც მოჰყვა მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლი, საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. სიმბოლურია, რომ ეს დიდი, კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ მოვლენათა შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მცხეთაში დავანება, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში. მესამე საუკუნის დიდი მოღვაწის, მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომდინარე ერთობისა, რომლის დარღვევაც კვართის მფლობელს არ შეუძლია. წერს იგი: ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას. განურღვეველი კვართი ასევე ერთიანი ეკლესიის სიმბოლოა და შესაბამისად, ეკლესიის თავისა, ანუ თვით უფალ იესო ქრისტესი. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ კვართის ფლობა არის უფლის დიდი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ნიშნავს ღვთისგან დადგენილ სამოღვაწეო დანიშნულებას, კვართის მცველობას, რაც ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვას და მისი დაცვისთვის თავდადებას გულისხმობს. კვართის ფლობა ნიშნავს სულიერ ახოვანებას, მზაობას ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის, რომელიც ესოდენ ძალოვნად გამოავლინა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა. სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების, სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ჩვენთვის. ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის სასწაულით გამოვლინდა ღვთის განგებულება და ძალა, მადლი და უსაზღვრო წყალობა ქართველ ერზე“, – განაცხადა შიო მესამემ.