ივანიშვილის მხარესაც დგას ბოროტება, ჩვენს მხარეს კი – ღირსება - ირაკლი კუპრაძე
- კომენტარები
- 28.11.2026
- 21:43
ეს ორი წელი ძალიან მძიმე იყო. ეს იყო დევნის ორი წელი, თუმცა გვდევნიდნენ იმის გამო, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს იყო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ აქციაზე განაცხადა.
კუპრაძის თქმით, მიუხედავად ცალკეული დამარცხებებისა და რამდენიმე წაგებული ბრძოლისა, მთავარი ბრძოლა ღირსებისთვის გამარჯვებით დასრულდა.
„ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტები ღირსებისთვის, მისი შენარჩუნებისთვის ვიბრძვით. ღირსების აყრა გადაწყვიტა 10-15-მა ადამიანმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდებიან, დასცინიან მათ, იღებენ რეპრესიულ კანონმდებლობას და ყოველდღიურად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. 2024 წლის 28 ნოემბრიდან კონსტიტუცია ყოველდღიურად ირღვევა. ივანიშვილი და მისი გარემოცვა მილიარდებით გამდიდრდნენ. მათ გაანადგურეს ეკონომიკური საფუძვლები, ებრძვიან საქართველოს, ქვეყნის ეკლესიას, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
ეს არის ივანიშვილი, რომლის მხარესაც ბოროტება დგას, ჩვენს მხარეს კი – ღირსება. დიახ, ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები, რაღაც მხრივ, ოდნავ დასუსტებული არიან, მაგრამ ღირსეული ოპოზიციური პარტიებია. არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბოროტება ჩაიდინა. ამ ბრძოლაში ვიქნებით იმის მიუხედავადაც, როგორ დაასრულებს ბიძინა ივანიშვილი ამ სამარცხვინო ცირკს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში. არ გვაინტერესებს, ბრძოლა გაგრძელდება, ფორმას მოვიფიქრებთ. ნებისმიერი ფორმა – სახელითა და გვარით ბრძოლაც კი საკმარისი იქნება, როგორც მაკა, როგორც ირაკლი, როგორც ოთო, როგორც თაზო და გრიგოლი ვიდგებით და გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.