png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
30 სექტემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
30 სექტემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს - საია

  • სამართალი
  • 29.09.2026
  • 14:15
ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს - საია

ექს პრემიერი გიორგი გახარიას მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდზე, საია ანგარიშს აქვეყნებს და წერს, რომ არ შეიძლება, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს.

ახალგზარდა  იურისტთა ასოციაციის შეფასებით, გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ შეფასდება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ვიწრო ჭრილში. 

"საქმე უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში სახელმწიფოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, საქმის შეფასებისას აუცილებელია ბრალდების ფორმალური აღწერის მიღმა არსებული სრული ფაქტობრივი, ინსტიტუციური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება.

2019 წელს ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა უკანონო „ბორდერიზაციის“ კონკრეტული ნიშნები და უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული გარემო: ხეებზე მონიშვნები, უკანონო პატრულირებისთვის ბილიკების გაკაფვა, დე ფაქტო ძალების ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვისა და დაკავების რისკები. ამ გარემოებებს ადასტურებდა როგორც სუს-ის 2019 წლის ანგარიში, ისე EUMM-ის მიერ დაფიქსირებული ფაქტები და საჯარო წყაროები. შესაბამისად, საგუშაგოს განთავსება, რომელიც EUMM-ის ინფორმაციით ადმინისტრაციული საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა, არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის „პროვოცირებად“; პირიქით, არსებობდა საფუძვლიანი არგუმენტები, რომ იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას, მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ტერიტორიის ფაქტობრივი კონტროლის შენარჩუნებას.

ბრალდების უმთავრესი თეზა, რომ გახარიამ გადაწყვეტილება მიიღო სუს-თან, EUMM-თან, პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეუთანხმებლად, საქმეში წარმოდგენილ სხვა მონაცემებთან წინააღმდეგობაშია ან, სულ მცირე, საჭიროებს სრულფასოვან შემოწმებას. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით, ჩორჩანაში არსებული ვითარება და ე.წ. ბორდერიზაციის რისკები 2019 წლის დასაწყისიდან განიხილებოდა IPRM-ის შეხვედრებზე; სუს-სა და EUMM-ს ჰქონდათ ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე პროცესებზე; საგუშაგოსა და მასთან დაკავშირებული გზის მოწყობის შესახებ ინფორმირებულობა არსებობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იყო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და არა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო; კანონმდებლობა კი ცალსახად არ ადგენდა შს მინისტრის ვალდებულებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პოლიციური საგუშაგოს მოწყობის საკითხი საბჭოს ფორმატში განეხილა.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი და პოლიტიკური/ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მკაფიო გამიჯვნა. თუნდაც სადავო გადაწყვეტილება ჩაითვალოს არასათანადოდ კოორდინირებულად ან პოლიტიკურად მცდარად, ეს თავისთავად არ არის საკმარისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. ბრალდების მხარემ უნდა დაასაბუთოს უფლებამოსილების ფარგლების აშკარა გადამეტება, არსებითი ზიანის დადგომა, ბრალდებულის შესაბამისი განზრახვა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და მითითებულ შედეგს შორის. მხოლოდ პროცედურული ან ტექნიკური დარღვევის არსებობა ვერ გაამართლებს პოლიტიკური გადაწყვეტილების კრიმინალიზებას. განსაკუთრებით დაუდგენელი რჩება, რა საფუძვლით შეიძლება საოკუპაციო ძალის შემდგომი უკანონო მოქმედებები, მათ შორის ახალი საგუშაგოების აღმართვა და ოკუპაციის ხაზის გადაადგილება, მიზეზობრივად მიეწეროს საქართველოს მიერ მისივე კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციური ინფრასტრუქტურის განთავსებას, მაშინ, როდესაც მასალები მიუთითებს, რომ დე ფაქტო რეჟიმს ტერიტორიული ექსპანსიის განზრახვა მანამდეც ჰქონდა.

საქმის მიმართ სერიოზულ კითხვებს აჩენს დევნის დროითი და შერჩევითი ხასიათიც. ბრალი წარდგენილია 2019 წლის მოვლენიდან ექვსი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც გახარია ამავე მოვლენების შემდგომ ჯერ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და შემდეგაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. ამ პერიოდში არც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებსა და არც საგამოძიებო უწყებებს არ მოუხდენიათ ქმედების დაუყოვნებელი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, ნიშანდობლივია რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში თავად „ქართულ ოცნებასაც“ ეკისრება პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ექვსწლიანი პასიურობის შემდეგ დევნის დაწყება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გახარია მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეყო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა, აჩენს ლეგიტიმურ კითხვას დევნის რეალურ მიზნებზე.

ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ საქმე დაიწყო საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის კვალდაკვალ, რომლის შექმნის დასაბუთება, შემადგენლობა და საქმიანობის მიზნები შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართლებრივად პრობლემური.

კერძოდ, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა რამდენიმე არსებითი ხარვეზი: კომისიის შექმნის საჭიროება და საგამოძიებო ფარგლები სათანადოდ არ ყოფილა დასაბუთებული; განმარტებითი ბარათი არ აკონკრეტებდა გამოსაკვლევ საკითხებს, მოწმეებსა და დოკუმენტებს; კომისიაში არ იყო უზრუნველყოფილი რეალური საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა; ხოლო მისი საქმიანობა მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის უფრო ფართო პროცესის ფონზე. ამ გარემოებებში კომისიის დასკვნის გამოყენება სისხლისსამართლებრივი დევნის ფაქტობრივ ან პოლიტიკურ საფუძვლად მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან არსებობს რისკი, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული.

არანაკლებ პრობლემურია საქმის წარმოებისას დაცვის უფლებისა და მხარეთა თანასწორობის მდგომარეობა. დაცვის მხარეს სუს-მა, შსს-მ და მთავრობის ადმინისტრაციამ არ მიაწოდეს ან არ დაუდასტურეს საქმისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფორმაციის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა უწყებებს სწორედ ინფორმაციის ფლობის ფაქტის დადასტურებისკენ მოუწოდა. სასამართლომაც არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა შესაბამისი მასალების გამოთხოვის შესახებ, რის შედეგადაც დაცვის მხარე, ფაქტობრივად, მოკლებული აღმოჩნდა შესაძლებლობას, მოეპოვებინა გამამართლებელი ან პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მტკიცებულებები. პარალელურად, ბრალდების მხარემ არ გამოკითხა თავად გიორგი გახარია და არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა გრიგოლ ლილუაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით. ეს გარემოებები აჩენს გამოძიების არასრულყოფილების, ცალმხრივობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის რისკს.

პრობლემურია აგრეთვე ბრალდების მხარის მიერ წინასასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა გაურკვეველი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. თუ ბრალდების მხარეს ექვსი წლის განმავლობაში არ მოუპოვებია ბრალის დასადასტურებლად აუცილებელი მტკიცებულებები და ბრალის წარდგენის შემდეგაც ვერ შეძლო მათი იდენტიფიცირება, ეს აჩენს კითხვას, რამდენად არსებობდა დევნის დაწყების მომენტში საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ასეთი ვითარება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მტკიცებულებების წინასწარ საკმარისი ბაზის გარეშე და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდების უკვე მიღებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მიმდინარეობდა.

საქმის კონტექსტს ამძიმებს ისიც, რომ მას იყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად. დე ფაქტო წარმომადგენლებმა გახარიას წინააღმდეგ დევნა ჩორჩანის/წნელისის საგუშაგოს მოხსნის მიმართულებით „პოზიტიურ ძვრად“ შეაფასეს. ასეთ პირობებში პროკურატურამ და სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაფასონ, ხომ არ აძლიერებს ბრალდების ნარატივი ოკუპანტი ძალისა და დე ფაქტო რეჟიმის იმ პოზიციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება არალეგიტიმური ან პროვოკაციულია. ასეთი მიდგომა საფრთხის შემცველ პრეცედენტს შექმნის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ საკუთარი სუვერენული უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადად იქცეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მიუღებელია ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ან მის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმისთვის.

და ბოლოს, საქმე უნდა შეფასდეს საქართველოში არსებული დემოკრატიული და მართლმსაჯულების კრიზისის უფრო ფართო კონტექსტშიც. ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე დევნების, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივების, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის, სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის შესახებ არსებული სერიოზული კითხვებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საერთაშორისო შეფასებების ფონზე. ეს კონტექსტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, წარმოადგენს მნიშვნელოვან არაპირდაპირ მტკიცებულებით გარემოებას, რომელიც უნდა შეფასდეს დევნის დაწყების დროის, მისი შერჩევითობის, ბრალდების დასაბუთების, საპროცესო დარღვევებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებების ერთობლიობაში.

 შესაბამისად, ობიექტურ რეალობაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ ის, დაირღვა თუ არა რომელიმე პროცედურა საგუშაგოს განთავსებისას, არამედ, არსებობდა თუ არა მინისტრის უფლებამოსილების აშკარა და არსებითი გადამეტება; ჰქონდა თუ არა მას დანაშაულებრივი განზრახვა; დადგა თუ არა კონკრეტული, არსებითი და მის ქმედებასთან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მყოფი ზიანი; იყო თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა აუცილებელი და პროპორციული; და ხომ არ წარმოადგენს საქმე პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების ინსტრუმენტალიზების ნაწილს. ამ კითხვებზე დამაჯერებელი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხის გარეშე საქმე რჩება პოლიტიკური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროში და მისი სისხლისსამართლებრივი შეფასება დაუშვებელია", - წერია საიას ანგარიშში.

ტეგები:
  • საია
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მეუფე ზენონი ირანის ელჩის პასუხად საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • 19:02
მეუფე ზენონი ირანის ელჩის პასუხად საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს - ნიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩზე
  • 15:31
თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს - ნიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩზე
მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო, მიუღებელია - გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის  განცხადებაზე
  • 15:26
მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო, მიუღებელია - გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის  განცხადებაზე
ურეაქციოდ არ დავტოვებთ - მეუფე ანტონი ირანის ელჩის  განცხადებაზე
  • 15:24
ურეაქციოდ არ დავტოვებთ - მეუფე ანტონი ირანის ელჩის განცხადებაზე
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
  • 15:08
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ! - აქციებზე დაკავებული  არჩილ მუსელიანცი თანამებრძოლებს
  • 14:46
თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ! - აქციებზე დაკავებული  არჩილ მუსელიანცი თანამებრძოლებს
ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს - საია
  • 14:15
ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს - საია
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
  • 15:59
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge