თინათინ ხიდაშელის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში
საქართველო, თბილისი - 16:00 | 06.11.2015 ნანახია: 2151თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ინიციატივები და სამომავლო გეგმები, - საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარდგა. თინათინ ხიდაშელი საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სამთავრობო პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ფარგლებში ეწვია.
თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მოხსენებაში ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილა. ისაუბრა ნატოს უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში სამინისტროში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებაზე. თინათინ ხიდაშელმა დეპუტატებს საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებებზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები წვრთნებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში უცხოეთშიც გადიან.
„ჩვენი მიზანია ახალი ტიპის სამხედრო შესაძლებლობებისა და მაღალი ბრძოლისუნარიანი არმია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედრო განათლების საკითხს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, 2016 წლიდან თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამები დაიწყება და, პროფესიული კუთხით, საკმაოდ დიდი სამხედრო კონტინგენტის მომზადება იქნება შესაძლებელი.
თავდაცვის უწყებისთვის კვალიფიციური კადრები არა მხოლოდ სამხედრო, არამედ, სამოქალაქო მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, ამის დასტურად თინათინ ხიდაშელი ღია და გამჭვირვალე კონკურსებზე საუბრობს, რომელიც სამინისტროში უკვე ჩატარდა და ამჟამადაც გრძელდება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ინიციატივის სახით, კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესში თანამონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შესთავაზა და აღნიშნა, რომ შესაბამის სფეროში კომპეტენტურ არასამთავრობოებს ამ მიზნით სპეციალურ მოსაწვევებს გაუგზავნიან.
თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს 2016 წლის თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ ბიუჯეტის პროექტში თანხები სრულად და დეტალურად არის გაწერილი და ამ ნიშნით თავდაცვის უწყების მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა წინა ბიუჯეტისგან განსხვავებულია.
ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზეც. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება კანონპროექტის მომზადება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ეხება. ასევე საკანონმდებლო ინიციატივის სახით მზადდება კანონპროექტი რეზერვის გაწვევის საკითხებზე. თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივა უწყებაში ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც განაწესს არღვევენ. თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედროებს ადმინისტრაციული სახდელის ნაცვლად ფინანსური სანქციები უნდა დაეკისროთ.
ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებამდე კი სამინისტროში, სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებაში სრულად ინტეგრაციის მიზნით, უკვე ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“. „არ არსებობს არც ერთი ომი, რომელსაც იგებს ჯარისკაცი, თუ საზოგადოება არ დგას მის გვერდით“,- ამ პრინციპის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ჯარში ფსიქორეაბილიტაციის პროგრამის ეფექტიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამხედროებს მხარში ბიზნესმენებიც უნდა დაუდგნენ.
„ჩვენი მიზანი საზოგადოების ინფორმირების გარდა მისი პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფაა“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი.
ამ ეტაპზე ბიზნესის თანამონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 178 დაჭრილი სამხედროსთვის იქნება. სოციალური კამპანიის მიზანი მათი სხვადასხვა პროფესიაში გადამზადება და დასაქმებაა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა რომ სამინისტროს პრიორიტეტია, ამას უწყებაში შექმნილი შესაბამისი დეპარტამენტიც ადასტურებს.
ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაახმაურა თავდაცვის მინისტრმა სავალდებულო სამხედრო გაწვევისა და რეზერვის საკითხზე. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თუ სამხედრო სავალდებულო გაწვევა ძალაში დარჩება, სამხედროები საბრძოლო ოპერაციებისთვის უნდა მომზადდნენ და მათ დღეს მოქმედი წესის მსგავსად მხოლოდ ყარაულის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, სასურველი იქნება გაწვევის ვადა 6 თვემდე შემცირდეს და ჯარისკაცებს, რომლებიც გაწვევამდე დასაქმებულები იყვნენ, სამსახური როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში სამსახური ჯარის დასრულებამდე შეუნარჩუნდეთ.
რეზერვის შესახებ დოკუმენტი კი საჯარო დისკუსიისთვის უახლოეს პერიოდში იქნება მზად. ეს იქნება კონცეფცია 21-ე საუკუნის რეზერვის შესახებ, რომელიც ჰიბრიდული ომების პირობებში მუშაობს და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას შეძლებს. თავდაცვის მინისტრს კონკრეტული ზომების მიღება მიაჩნია საჭიროდ ისეთი გამოწვევის წინააღმდეგაც, როგორიც პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული ომია. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ამ მიზნით თანამშრომლობას მედიისა და პიარის სპეციალისტებსაც შესთავაზებს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ნებაყოფლობითი იქნება და პროგრამაში ჩართული ადამიანები გადამზადების შემდეგ პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოსთან ერთად იბრძოლებენ.
თავდაცვის მინისტრმა გამოსვლის დასასრულს ქართული ჯარის კვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ: „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კვების სისტემის მოწესრიგებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა“. ჯარი ხარისხიან ქართულ კვებაზე ეტაპობრივად გადავა. სამინისტროს ინიციატივის თანახმად, ქართულ ჯარს ტანსაცმელიც ქართული წარმოების უნდა ეცვას.
თინათინ ხიდაშელმა მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კანონმდებლები უწყების საპარლამენტო კონტროლის საკითხით, 2016 წლის თვადაცვის ბიუჯეტის პროექტით, გაწვევისა და რეზერვის საკითხთან დაკავშირებული ინიციატივებით და სამხედრო პოლიციის სტატუსის თემებით დაინტერესდნენ. დეპუტატებმა მინისტრს შეკითხვები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებაც დაუსვეს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა